მოქალაქეებს, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო 18 წლამდე ბავშვებზე 200-ლარიანი დახმარების მისაღებად აპლიკაციის შევსებას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ რუსთავის მერიას მიმართონ. ამის შესახებ თვითმმართველობაში განაცხადეს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას - მის: ქ.რუსთავი, კოსტავას გამზირი #20, ტელ: 0341 25 51 88
დახმარება გაიცემა, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შევსების საფუძველზე.
რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
ადგილობრივი თვითმმართველობებს;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება ბავშვის დაბადების მოწმობის ატვირთვა.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილების ატვირთვა.
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული.
„ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების მხარდაჭერის სოციალური პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, ეს შთამბეჭდავი რიცხვებია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ბოლო წლებში განვახორციელეთ და რომლის მიზანიც ბავშვების მხარდაჭერაა“, – განაცხადა პრემიერმა.