რუსთავში 2 ბაღი შენდება

2020-08-19 18:41:05

რუსთავს ორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატება.

მე-8 მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე ბაღების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მოინახულეს.

მე-8 მიკრორაიონში N34 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინალური ეტაპისკენ მიდის და საბოლოოდ სექტემბრისთვის დასრულდება.

ბაღში 6 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც  200-მდე ბავშვზეა გათვლილი. რეაბილიტაციისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 938 99 ლარი გამოიყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, N34 ბაღი 2020 სააღმზრდელო წელს ბავშვების მიღებას შეძლებს.

ახალი ბაღი შენდება სარაჯიშვილის ქუჩაზეც, რომლისთვისაც მერიამ 1 300 000 ლარამდე გამოყო. ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო თუ რა ეტაპზეა სარაჯიშვილის ქუჩაზე ბაღის მშენებლობა.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა მერის თქმით, მას მშენებლობის ტემპი არ მოსწონს.

"ახალი ბაღი შენდება ამ ტერიტორიაზე, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენდა როგორც მოსახლეობის თვალსაზრისით, ისე ძველ რუსთავში ბაღების რაოდენობიდან გამომდინარე.

დაახლოებით 1 300 000 ათასი ლარი იხარჯება ბაღის მშენებლობაში, რომელიც მთავრობის 41-ე დადგენილებით სრულიად აკმაყოფილებს სტანდარტებს. ამ პროექტში შედის ბაღის კეთილმოწყობისა და საბავშვო გასართობი მოედნების ღირებულებაც.

მე ვფიქრობ, ამით ჩვენ ბაღებისა და ბავშვების ბაღში დაკმაყოფილების პრობლემას გადავწყვიტავთ ქალაქში.

კომპანია ამბობს, რომ ნოემბრისთვის დავამთავრებო, მაგრამ მე ტემპი, სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, ვაღიარებ, რომ არ მომწონს",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

სარაჯიშვილის ქუჩაზე მშენებარე ბაღი 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი.

ტაბაღუამ ასევე მოინახულა N32 ბაღი, სადაც ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ბაგა-ბაღის სრული დათბუნება, იცვლება კარ-ფანჯრები, მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.

გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით 16 ბაღში იცვლება კარ-ფანჯრები და კეთდება ახალი გათბობის სისტემები.

საერთო ჯამში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაში, კარ-ფანჯრებისა და გათბობის სისტემების გამოცვლაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები