ინციდენტი რუსთავის ერთ-ერთ უბანში [video]

2020-08-17 00:02:22

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, ერთ-ერთ კორპუსთან ინციდენტი მოხდა.[ვიდეო/video]

ღამით ახალგაზრდების ხმაურით შეწუხებულმა ქალმა მათი შეკრების ადგილი პატარა ცულის საშუალებით დაარბია, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალმა უამბო, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდები შუა ღამემდე არიან შეკრებილები და ხმაურობენ.

"მთელი თვე ვეხვეწები, რომ 10 საათზე დაკეტეთ და დაგვაძინეთ. აქედან ვეტყვი რამეს, მაგინებენ, ვინც ღამე იკრიბებიან ისინი. მეპატრონემ შეიძლება დაკეტოს ღამე, მაგრამ გასაღები დევს იქ, მოდიან სხვები, აღებენ და არის ერთი ამბავი...

წუხელის ორ საათამდე იყო ერთი ამბავი, ვეღარ მოვითმინე და ჩავედი ეზოში. ნაჯახი მქონდა, იმითი ჩამოვარტყი კარებს, ღია იყო თუ მე გავხსენი არ ვიცი და ყველაფერი, რაც იქ იყო, გამოვუყარე გარეთ", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ქალმა.

მისი თქმით, ხმაური სისტემატიურია და იქ მცხოვრებლებს ამის ფონზე ძილი არ შეუძლიათ.

ის, რომ ავტომომსახურების ცენტრში ახალგაზრდები ღამით ხშირად იკრიბებიან და ხმაურობენ "ინფო რუსთავს" კორპუსის სხვა მცხოვრებმაც დაუდასტურა.

თავად ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონე უარყოფს ქალის ბრალდებებეს.

"ეგ არის ყველაფერი ტყული. იმიტო, რომ გუშინაც მე დავკეტე ეს და წავედი სახლში. არავინ არ იყო ადგილზე და არავინ არავის არ აწუხებს.

პირიქით, ვუფრთხილდებით, ვიცით, რომ ოჯახი ცხოვრობს და ვერიდებით, რომ არ შევაწუხოთ. თვითონ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ავტომომსახურების ცენტრის მეპატრონემ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები