რუსთავში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

2020-08-14 15:29:40

რუსთავში 20 წლის პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, მამაკაცმა საპარსი სამართებელი, ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა.

პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, პატიმარს რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულების  ზედამხედველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მან ზეწოლას ვეღარ გაუძლო და თვითმკვლელობა სწორედ ამ მიზეზით სცადა.

პატიმრის დედა და ადვოკატი შვილის უსაფრთხოების მიზნით მის სხვა საპატიმროში გადაყვანას მოითხოვდა, თუმცა მამაკაცი #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე დააბრუნეს.

ადვოკატისა და პატიმრის დედის ბრალდებები "ინფო რუსთავთან" უარყვეს პენიტენციურ სამსახურში. როგორც სამსახურში აცხადებენ, ზედამხედველების მხრიდან პატიმარზე ფიზკური ძალადობის ფაქტი არ ყოფილა და სიცრუეა ის, რასაც 20 წლის მამაკაცის დედა და ადვოკატი ამბობენ.

"2020 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულ ბ.წ.-ს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარდა მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან იგი აცხადებდა, რომ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ყოფნის პერიოდში (2020 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) გადაყლაპა ლითონის ნივთი. რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულს მუცლის ღრუში აქვს უცხო სხეული. ამიტომ ამავე დღეს, 13 აგვისტოს ბ.წ. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს უფრო დეტალური გამოკვლევის და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობის ჩატარების მიზნით. კლინიკაში მას ჩაუტარდა მუცლის ღრუს კტ გამოკვლევა და ქირურგის კონსულტაცია. დაისვა დიაგნოზი: უცხო სხეული საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, თუმცა ექიმის დასკვნის მიხედვით, ამ ეტაპზე მწვავე ქირურგიული პათოლოგია, რომელიც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას არ ვლინდება, ვინაიდან უცხო სხეული იმყოფება მსხვილ ნაწლავში და სავარაუდოდ, მოხდება მისი ბუნებრივი გზით გამოდევნა. ამასთან, გაიცა განმეორებითი კონსულტაციის ჩატარების რეკომენდაცია 48-72 საათში. შესაბამისად, მსჯავრდებული გუშინვე დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე, N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა. რაც შეეხება მსჯავრდებულის ოჯახის და ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ყოფნის პერიოდში მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებთან შელაპარაკება მოუვიდა და ესკორტის ოფიცერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ეს არის სრული სიცრუე. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.