მრავალსართულიანი კორპუსის დემონტაჟი რუსთავში

2020-08-13 18:19:33

მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟი, სავარაუდოდ, უმოკლეს ხანებში დაიწყება. კორპუსი უსაფრთხოების მიზნით უკვე შემოღობა. დამცავი ღობე ტერიტორიაზე იმ მიზნით მოეწყო, რომ შენობაში მოსახლეობის შეღწევა აღარ მოხდეს.

აუქციონის პირობების თანახმად, კორპუსის შემოღობვა 1 თვეში უნდა მომხდარიყო, მეორე ეტაპი კი  მისი დემონტაჟია, რაც მომდევნო 8 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.

აუქციონზე გამარჯვებულ ინვესტორს ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა. შეგახსენებთ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული შენობა-ნაგებობა აუქციონზე 6 095 კვ/მ მიწის ნაკვეთთან ერთად გაიტანა.

ჯერჯერობით შესაბამისი სამსახურებისთვის ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა სახის პროექტი განხორციელდება აღნიშნული თანხის ფარგლებში, თუმცა, როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე არსებული ფუნქციის შესაბამისი შენობა-ნაგებობის განთავსება უნდა მოხდეს. სამსახურის ხელმძღვანელის, ეკა პაპუაშვილის ინფორმაციით, ფუნქციური ზონის შესაბამისად, ინვესტორს აქვს საშუალება, ააშენოს როგორც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ისე კომერციული ობიქტი.

ინვესტიციის განხორციელება ტერიტორიის მესაკუთრეს 3 წლის ვადაში დაევალა.

ცნობისთვის, მე-18 მიკრორაიონში ავარიული კორპუსის დემონტაჟს მოსახლეობა წლების გნმავლობაში ცდილობდა.