ბაჩალიაშვილმა სახლიდან გასვლის წინ სელფები გადაიღო

2020-08-13 11:37:06

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 23 წლის გოგონას მობილურ ტელეფონში 6 ფოტო ნახეს, რომელიც 18 ივლისით, დილის 10 საათით თარიღდება.

როგორც რამიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გოგონამ სახლიდან გასვლის წინ სელფები გადაიღო.

"სელფებია გადაღებული თავის სახლში. ძალიან ლამაზი სურათებია. გოოგნა კარგ განწყობაზეა. ადამიანი სელფს და თან ეგეთ ხასიათზე თვითმკვლელობის წინ არ იღებს", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი გუშინ 7 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. როგორც ოჯახის უფლებადამცველმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, გამოძიებასთან ერთად თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი და სოციალური ქსელები შეამოწმეს.

მისივე თქმით, ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელების, Whatsapp-ის, Viber-ისა და Facebook Messenger-ის  მიმოწერები და ზარები მთლიანად წაშლილია: "აბსოლუტურად წაშლილია ყველაფერი. ჩათებიც კი, არათუ ზარები. ბოლო ჩათი Whatsapp-ში, 24 ივნისიდან წაშლილია. ბოლო ზარი არის 6 ივნისიდან წაშლილი".

მიხეილ რამიშვილის თქმითვე, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ბაჩალიაშვილის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების დადგენას ტელეფონის საშუალებით შეძლებდნენ, თუმცა დღეს მობილურში არც ეს ინფორმაცია მოიძებნა.

მანამდე კი, 8 აგვისტოს, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად მისულებს, ტელეფონი გახსნილი დახვდათ. მისი ინფორმაციით, ტელეფონის ექსპერტიზა 24 ივლისს დაიწყო, რაზეც ინფორმაცია მას არ ჰქონია.