საქართველოში ოქრო რეკორდულად გაძვირდა. როგორც "ინფო რუსთავს" ოქროს ბირჟაზე განუცხადეს, წლის დასაწყისიდან დღემდე, ერთი გრამი ოქროს ფასი, დაახლოებით, 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. რაც შეეხება უმაღლესი ხარისხის ოქროს, გრამზე მისმა ღირებულებამ 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.
სპეციალისტები ოქროს ფასის რეკორდულ ნიშნულზე მიღწევას გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებსა და ლარის კურსის არამდგრადობას ასახელებენ.
"ინფო რუსთავი" რუსთავის ე.წ. ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის ნაკეთობებით მოვაჭრე რამდენიმე ადამიანს ესაუბრა.
მოვაჭრეები უახლოეს მომავალში ოქროს კიდევ უფრო გაძვირებას ელოდებიან.
"ყველა გაოცებულია ფასის ასეთი ცვლილებით, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ოქროს ფასმა კიდევ უფრო მოიმატოს", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.