დმანისის მერი პარტიიდან გარიცხეს

2020-08-10 17:31:46

დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერის გამო გარიცხეს.

როგორც მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი ტატუაშვილმა უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს, დმანისის მერის თანამდებობას იკავებს, პარტიის რიგებიდან გაირიცხა. გარიცხვის მიზეზია პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში გამოიხატა“, - აცხადებენ პარტიაში.

როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, გიორგი ტატუაშვილი მხარს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს დმანისში, კახაბერ ოქრიაშვილს უჭერს. ტატუაშვილმა საინფორმაციო სააგენტოსთან განმარტა, რომ ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში გასაკვირი არ უნდა იყოს.

- პირად ფეისბუქზე, დაახლოებით, 19 ივნისიდან აზიარებთ ოქრიაშვილის პოსტებს, ამის გამო ხომ არ მოხდა პარტიიდან თქვენი გარიცხვა?

- არ ვიცი, შეგიძლიათ ეს პარტიაში იკითხოთ.

- როგორ იყო გაცხადებული პარტიაში, ამ პოსტების გაზიარება უნდა შეგეთანხმებინათ?

- ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი პოსტი გააზიაროს. მგონი დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა ეს

- ეს ხომ არ აღიქვეს, რომ თქვენ ქართული ოცნების კონკურენტს, კახა ოქრიაშვილს უჭერთ მხარს?

- დმანისის მოსახლეობის სრული უმრავლესობა კახა ოქრიაშვილს უჭერს მხარს. მე, რიგითი დმანისელი, კახა ოქრიაშვილს ვუჭერ მხარს. მაგაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, პირიქით, დემოკრატიული პროცესია არჩევანის თავისუფლება

- თქვენ ხომ პარტია ქართული ოცნების დმანისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყავით და სხვა კანდიდატს უჭერთ მხარს?

- აკრძალულია?

- ეს თქვენი ნებაა, მაგრამ არ გიფიქრიათ რომ ადრე თუ გვიან პარტიიდან გაგრიცხავდნენ, რატომ თავად არ მიიღეთ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება?

- დმანისის მოსახლეობის სრულ უმრავლესობასთან ერთად ვარ მე და სხვა უფლება არ მაქვს

- ამიერიდან თქვენ ღიად დაუჭერთ მხარს ოქრიაშვილს?

- არც აქამდე არ ვიყავი დახურული

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მერის თანამდებობასაც დატოვებთ ან ხომ არ ხდება გარკვეული ზეწოლა?

- მერის თანამდებობა რატომ უნდა დატოვოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა მერმა, რომელმაც აიღო 76%? რატომ უნდა დავტოვო, როცა ჩემი ამომრჩევლების სრული უმრავლესობა მხარს უჭერს კახა ოქრიაშვილს.