შოთა რეხვიაშვილი ყარაჯალარის გახსნაზე

2020-08-10 12:55:38

​სოფელ ყარაჯალარში საკარანტინე რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განცხადება გააკეთა. რეხვიაშვილის ინფორმაციით, სოფელის მოსახლეობამ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მასობრივი ტესტირების მეორე ეტაპი სოფელში მაქსიმალურად შევიწროებულ ვადებში ჩატარდა.

„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგებთან ერთად ვემზადებოდით ხელახალი მასობრივი კვლევების ჩატარებისთვის სოფელ ყარაჯალარში, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და მასშტაბური. ამისთვის მუდმივ დიალოგში ვიყავით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ერთობლივი ძალისხმევით, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ ორ დღეში, პარასკევსა და შაბათს 1552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალები გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1425 კვლევა დასრულებულია. შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ერთი შემთხვევა და შემდეგ უკვე იმავე ოჯახიდან კარანტინში მიემატა კიდევ ერთი ფაქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის თქმით, მოვლენების დაჩქარება არ გამოუწვევია მოსახლეობის პროტესტს და სოფლის გახსნის საშუალება ხელისუფლებას ყარაჯალარში არსებულმა ეპიდსიტუაციამ მისცა. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა.

„შესაბამისად, რადგან შეფასდა, სოფელში მასობრივი გავრცელება არ არის, არის ძალიან იშვიათი და ერთეული შემთხვევები, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ საკარანტინო რეჟიმი მოიხსნას. რომ არა მოსახლეობის ძალისხმევა და პასუხისმგებლობა ამ შედეგს ვერ მივირებდით. მე მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო. მოქალაქეების აქტივობა იყო განმსაზღვრელი. ფაქტიურად, ოჯახები სრულად გამოვიდნენ და 2 დღეში ამოიწურა ის მოცემულობა რამაც რეალური სურათი მოგვცა", – აღნიშნა იშოთა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სოფელში აღებული მხოლოდ 127 საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან.

ყარაჯალარში 3600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, აქედან ვირუსი 44-ს დაუდგინდა.

სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო ზომები 17 დღის განმავლობაში მოქმედებდა.