2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მხარის პირველმა პირებმა წითელი ვარდებით შეამკეს.
"12 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. დღეს პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების მემორიალს. 4 ვაჟკაცი რუსთავიდან შეეწირა საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას. დღევანდელი დღე ყველას გვავალდებულებს, რომ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ერთგული, გვიყვარდეს სამშობლო და სახელმწიფოებრივი აზროვნებით, მშვიდობიანი განვითარებით, შემოვირიგოთ ჩვენი ძმები და დები აფხაზეთიდან, ოსეთიდან და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
"რაც უფრო დრო გადის, ტკივილი მით უფრო მძაფრდება. პირველ რიგში, მინდა ამ ოჯახების წინაშე მოვიხარო ქედი გმირების აღზრდისთვის. ეს დღე ყველა ქართველისთვის უნდა იყოს დღე, რომელიც მოგვიტანეს მთლიანობას და სიმტკიცეს", - აცხადებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
"თითოეული ჩვენგანისთვის ეს დღე არის ძალიან დიდი ტრაგედია. ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა ტკივილი გადაიტანა ქართველმა ერმა. ახლა არ არის იმის დრო, ვისაუბროთ ვინ იყო დამნაშავე, მთავარი ისაა, რომ დაიღუპნენ ჩვენი გმირები და საქართველოს 20% არის ოკუპირებული. იმედია, ამ ბიჭების სულის გასახარად, საქართველო ძალიან მალე იქნება მთლიანი", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.
სასულიერო პირემა გმირთა მემორიალის ტერიტორიაზე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდეს.
ღონისძიებაზე ანსამბლმა ,,ფიროსმანი“ საგალობლები შეასრულა.
გმირთა მემორიალიდან მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ დაღუპული გმირების სასაფლაოებზე გადაინაცვლა. რუსთაველი ჯარისკაცების საფლავები ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.