"მიგზავნილი იქნა, რომ ჩემი შვილი გაეტყუებინა სახლიდან"

2020-08-06 15:52:34

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერგილი პიროვნება. ის არის სპეციალურად მოგზავნილი. ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი ბაჩანა ლობჟანიძე, რომ ჩემი შვილი გაეტყუებინა სახლიდან",  - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ "ინფო რუსთავის" მიერ ბაჩანა ლობჟანიძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ასევე, თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას არ ენდობა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, აღნიშნული ვიდეო, რომელიც ლობჟანიძის მტკიცებით, თამარის დაბადების დღეზეა გადაღებული, დამონტაჟებულია.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ბაჩანა ლობჟანიძეს დაუკავშირდა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ბრალდებებთან დაკავშირებით ახალგაზრდა პროგრამისტი აცხადებს, რომ მას ალიბი აქვს და 18 ივლისს გლდანში, დეიდასთან იმყოფებოდა, სადაც დეიდაშვილს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებოდა. საინფორმაციო სააგენტომ ლობჟანიძეს ასევე ჰკითხა, აქვს თუ არა მას იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ თამართან 18 ივლისს არც ონლაინ კომუნიკაცია არ ჰქონია. ლობჟანიძის განცხადებით, მან აპლიკაცია "მესენჯერის" საშუალებით როგორც 18, ისე 19 ივლისსაც მისწერა თამარ ბაჩალიაშვილს, თუმცა ეს კომუნიკაცია იყო ცალმხრივი. როგორც ახალგაზრდა პროგრამისტი აღნიშნავს, ის მიმოწერის ამსახველი ფოტომასალის გასაჯაროებას გეგმავს.

რა მიზეზით შეიძლება უყენებდეს ბრალდებებს ბაჩალიაშვილის ოჯახი ბაჩანა ლობჟანიძეს - ამ კითხვაზე ლობჟანიძე გვპასუხობს, რომ ბრალდებების მიზეზი თეონა თამაზაშვილის ემოციური მდგომარეობა და სოც. ქსელში მათი დაძაბული საუბარი გახდა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის ინფორმაციით, ლობჟანიძე მას ეუბნებოდა, რომ ამ საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობა საჭირო არ იყო, რის შემდეგაც თეონა თამაზაშვილმა ბაჩანა ლობჟანიძის ფეისბუქ ანგარიში დაბლოკა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები