რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში'', ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯში რეგისტრირებულმა პირებმა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების, რეგისტრაციის ვადების, პროფესიული ტესტირების, ჩარიცხვის წესებისა და სწავლის დაწყების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ღია კარის დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და ადგილორბივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებდნენ.
"მოდუსი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული კოლეჯი. ის არის ახლადრეაბილიტირებული, აღჭურვილი სრულიად თანამედროვე სახელოსნოებით. კოლეჯი არის ერთ-ერთი, რომელიც წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე მიიღებს სტუდენტებს. კოლეჯი სრულიად მორგებულია მუნიციპალიტეტების საჭიროებებს და თანამშრომლობს ბიზნესთან", - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა.
როგორც "მოდუსის" დირექტორმა კაკი კერვალიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის კოლეჯში სწავლის 300 მსურველია დარეგისტრირებული.
"10 აგვისტოს ჩათვლით, 12 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია. მათ შორის არის 2 ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს როგორც სრულ საშუალო განათლებას, ასევე პროფესიულ განათლებას. დღეის მდგომარეობით, გვყავს 300 აპლიკანტი. არის იმაზე მეტი დარეგისტრირებული, ვიდრე ადგილები გვაქვს და უკვე რეალურად კონკურსი არის", - აცხადებს კაკი კერვალიშვილი.
ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, პროფესიული გადამზადების კოლეჯი ქალაქში დიდ დატვირთვას იძენს.
"პროფესიული გადამზადების კოლეჯი თავისი არსით უკვე მეტ დატვირთვას იღებს. რუსთავში მოხდა ახალი წარმოებების გაჩენა, ამ წარმოებებში კი პროფესიების მიხედვით სჭირდებათ დასაქმებულები. იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მოდუსმა გადაამზადა, თავისუფლად შეუძლიათ ამ წარმოებებში დასქმება. მისასალმებელია ის, რომ ქალაქის ინიციატივით მოხდა ახალი პროფესიების დამატებაც, ესაა აღმზრდელის და მებაღეობის. მოთხოვნა ძალიან დიდია და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა აქვს რუსთავში არსებული პროფესიული გადამზადების კოლეჯ მოდუსს", - აცხადებს იირაკლი ტაბაღუა.