კომპიუტერიდან 200 000-მდე ფოტო და 500-მდე ვიდეო ამოიღეს

2020-08-04 14:35:29

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 184 886 ფოტო და 480 ვიდეო, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" 23 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული არ არის მიმოწერები. რაც შეეხება, ე.წ. "მაღალჩინოსნების ვერსიას", ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპიუტერში მასალა ნაპოვნი არაა. მეტიც, ადვოკატის თქმით, კომპიუტერში "არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს", რაც მას უმყარებს ეჭვს, რომ გარკვეული ფაილები ლეპტოპიდან, შესაძლოა, წაშლილია.

ასევე, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის Facebook-ში შეღწევა არ მომხდარა. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში ბოლოს 18 ივლისს, 10:02 საათზე იყო შესული და "მას შემდეგ ლეპტოპს არავინ გაკარებია".

ადვოკატის თქმით, ის ჯერჯერობით ფოტო და ვიდეომასალას სრულად არ გაცნობია, თუმცა, მისი ინფორმაციით, იმაში, რაც ნახა საინტერესო არაფერია და საქმე გვაქვს ზოგადი ხასიათის მასალასთან.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს, 4 აგვისტოს გაეცნო გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის კლონირებისა და დეშიფრაციის დასრულების შემდეგ მიღებული ექსპერტიზის შედეგებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები