სახელმწიფო ინსპექტორი რუსთავში [video]

2020-08-04 12:55:48

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია რუსთავში ადგილობრივ თვითმართველობას, სახალხო დამცველის აპარატს, 10-მდე რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო  დაწესებულებების მანდატურებს შეხვდა. [ვიდეო/video]

შეხვედრაზე ისაუბრეს სასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირებულობაზე, არსებულ გამოწვევებზე და რეგიონებში სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

"ვხვდებით ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს. მიზანი ამ შეხვედრის არის ის, რომ რეგიონს ჩვენ მივაწვდინოთ ხმა ჩვენი საქმიანობის შესახებ. ვესაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რასაც პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხედავს, მათ შორის რეგიონებში.

დღეს საუბარი გვექნება ორი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საგამოძიებო მიმართულება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევა მონაცემთა შეგროვებაა სახელმწიფო უწყებების მიერ. მონაცემთა ბაზებში მონაცემების დამუშავება, ვიდეოთვალთვალის კანონიერად განხორციელება და თითოეული უწყებისთვის ჩვენ ვაპირებთ იმის თქმას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თავიანთი უწყებების მუშაობას.

ასევე ჩვენ გვაქვს საგამოძიებო მიმართულება. 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ჩვენ დავიწყეთ მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქციის განხორციელება. კერძოდ, ვიძიებთ მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ეს არის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. ეს ფუნქცია არის ჩვენთვის ახალი და შესაბამისად გვინდა, რეგიონის ყველა მოქალაქემ, მოსახლემ იცოდეს, იმის შესახებ თუ როგორ მოგვმართოს ასეთი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში. ჩვენი ცხელი ხაზი არის 199, რომელიც 24 საათი არის ხელმისაწვომი, სადაც ნებსმიერ მოქალაქეს, როგორც რეგიონიდან ასევე დედაქალაქიდან შეუძლია მოაწვდინოს ხმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს",- განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიას თქმით, მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგინში ჩატარდება, რათა სახელმწიფო ინსპექტორის ხელმისაწვდომობა თანაბარი იყოს ყველა რეგიონიში.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები