რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები

2020-08-02 10:47:59

6 კანდიდატის ვინაობა, რომლებიც პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად სწორედ რუსთავში იბრძოლებენ, "ინფო რუსთავი"-სთვის უკვე ცნობილია. გამორიცხული არ არის, ასპარეზზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ჯერჯერობით მხოლოდ ამ კანდიდატების შესახებ აქვს.

1. დავით კირკიტაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის დავით კირკიტაძე იბრძოლებს. კირკიტაძე ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ის წლების განმავლობაში ქვემო ქართლის გუბერნატორი გახლდათ.

2. ნინო ლაცაბიძე - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-მ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა. ლაცაბიძე რუსთაველია. მისი ბოლო სამუშაო ადგილი თბილისის საკრებულო იყო, ლაცაბიძე ისნის მაჟორიტარი გახლდათ. 2008 წლიდან ნინო ლაცაბიძე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.


3. ბესო ჩუბინიძე - ბესო ჩუბინიძე რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის პარტია "ქართული ფესვებიდან" იბრძოლებს. პარტია ახლახანს შეიქმნა. ბესო ჩუბინიძე რუსთაველია წლებია ჟურნალისტიკაშია, გამოუშვა 2 წიგნი. ის ჟურნალ "ვარსკვლავებისა" და მუსიკალური დაჯილდოება "მეგას" დამფუძნებელი გახლავთ.


4. ირმა ნადირაშვილი - "ევროპული საქართველოს" კანდიდატი რუსთავში ირმა ნადირაშვილი იქნება. ნადირაშვილი ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ, მას აქვს ასევე სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. 2012 წლამდე ის გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ირმა ნადირაშვილი რუსთაველია.


5. გრიგოლ გეგელია - გრიგოლ გეგელია რუსთავში პარტია "ლელო საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. გეგელია "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრია. ის ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორია.

6. ალექსანდრე კობაიძე - ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელი პარტიის სახელით იბრძოლებს ცნობილი რუსთაველი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, ის დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება და რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუერთდება. კობაიძე სხვადასხვა დროს არაერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში იყო ჩართული.




ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI