ჩაკეტილი სოფლიდან მოსახლეობა გაპარვას ცდილობს

2020-07-31 00:51:17

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარის ჩაკეტვის პირველ დღეებში, სოფლიდან გაპარვა 20-მდე პირმა სცადა.

როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, პირებს, რომლებიც მკაცრი საკარანტინე ზონის პირობებს არ დაემორჩილნენ, ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

გაჩიანის დასახლებაში კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრებულია. ტერიტორიაზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პოლიცია მორიგეობს როგორც ლილოსკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე, ისე ყველა იმ ლოკაციაზე, საიდანაც შეიძლება ყარაჯალარის მოსახლეობამ გაპარვა სცადოს.

შეგახსენებთ, გაჩიანის დასახლების სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. სოფლის ჩაკეტვის მიზეზი კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გახდა. გარდა ამისა, სოფლის ჩაკეტვამდე ერთი დღით ადრე, "ინფო რუსთავმა" გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა ექიმებთან არ თანამშრომლობდა და საკარანტინე სივრცეებში გადასაყვან პირებს, რომლებიც იმალებოდნენ, სამედიცინო პერსონალი პოლიციის დახმარებით ეძებდა.

"ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში, რომელიც ყარაჯალარის ჩაკეტვას შეეხებოდა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, რომ სოფელში კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და "ყველაფერი მთავრობის მოგონილია".