როდიდან ივლიან თბილისიდან რუსთავში ავტობუსები

2020-07-29 16:28:29

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსებმა მოძრაობა შესაძლოა წლის ბოლომდე დაიწყოს.

ამის შესახებ თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

"იცით, რომ გაზრდილია მგზავრთა ნაკადი, შესაბამისად, ავტობუსები გაზრდილი ნაკადების გამო ემატება. შემდგომი ნაბიჯები როგორი იქნება, ეს განპირობებული იქნება იმის მიხედვით, როგორ მოხდება ქსელის გაფართოება. ამ ეტაპისთვის რჩებიან მიკროავტობუსებიც. ველოდებით 12-მეტრიან ავტობუსს 126 ავტობუსს, ამავე ტენდერის პირობებში ველოდებით კიდევ დამატებით 100 ავტობუსს, რითაც მოხდება თბილისის ავტობუსების სრულად ჩანაცვლება. ამის პარალელურ რეჟიმში მოხდება რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნაც. შესაძლებელია ეს წლის ბოლოდანაც მოხდეს“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, თბილისი-რუსთავის მიმათულებით ავტობუსებთან ერთან მიკროავტობუსებიც იმოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაინიშნებოდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები.

როგორც კალაძემ ინფო რუსთავს განუცხადა, მგზავრობის ღირებულება თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მსგავსად 50 თეთრი იქნება.

სხვა დეტალები, თუ რამდენი ერთეული ავტობუსის დანიშვნა იგეგმება, ან საიდან აიყვანენ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მგზავრებს, ჯერ-ჯერობით უცნობია.