ვითარება რუსთავის საგამოცდო ცენტრში

2020-07-12 16:15:56

საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი 9-ვე აბიტურიენტი კოვიდუარყოფითია - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი აბიტურიენტებიც იმყოფებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, გამოცდა სამმა მათგანმა წერა.

საინფორმაციო სააგენტო საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრში განგვიცხადეს, რომ აბიტურიენტები PCR ტესტით შემოწმდნენ და მათ კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ. მათივე ინფორმაციით, კარანტინში მყოფი აპლიკანტები გამოცდებს იზოლირებულ სივრცეში წერენ, სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორ სესიად ჩატარდა გამოცდა ისტორიაში.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, დღეს რუსთავის საგამოცდო ცენტრში თითო სესიაზე 286-286 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აქედან პირველ სესიაზე 13, მეორეზე კი 11 აპლიკანტი არ გამოცხადდა.

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა. ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები