"საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა"

2020-07-29 22:23:53

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული მასალის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საუბარია, პირდაპირ ეთერზე, რომელშიც "გაჩიანის დასახლების" მიმდებარედ არსებულ ტყეში, სამშენებლო მასალების მოპოვების მიზნით, ბუნებისთვის ზიანის მიყენების ფაქტია ასახული. როგორც "ინფო რუსთავს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურიდან აცნობეს, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია.

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, მიმდინარე წლის 29 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. "გაჩიანის დასახლების" მიმდებარე ტერიტორია.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ დათვალიერდა ტერიტორია და აღებულ იქნა GPS კოორდინატები. კომპანიიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაანგარშდა გარემოსათვის მიყენებული ზიანი. ვინაიდან დადგა მნიშვნელოვანი ზიანი, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება საგამოძიებო უწყებაში.

კომპანიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ვადა გაუვიდა, შესაბამისად ადგილზე სამუშაოები შეწყვეტილია", - ნათქვამია წერილში.