რატომ ვერ მოხერხდა ქოლგების ქუჩის შენარჩუნება

2017-05-15 21:13:49

„ფერადი ქოლგების ქუჩა“ ქოლგების გარეშე არის დარჩენილი. მშენებელთა ქუჩაზე, ქოლგები, რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, გასულ წელს დამონტაჟდა, ქუჩა გაფერადდა და რუსთაველების დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. პომპეზური გახსნიდან 2 თვეში ქოლგები დაზიანდა, მოსახლეობის ნაწილი ამბობს რომ სამუშაოები გულგრილად იყო შესრულებული, კონკრეტულად კი არ იყო გათვალისწინებული ბევრი ისეთი დეტალი რამაც შემდეგ ქოლგების დაზიანება გამოიწვია. ახალგაზრდების ნაწილი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ ეს იყო ერთჯერადი პიარ კამპანია, რეალურად კი ქუჩის გალამაზება და მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა, შესაბამისად თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.

მშენებელთა ქუჩაზე ქოლგებს რეაბილიტაცია გახსნიდან 3 თვეში ჩაუტარდა, თუმცა მას მერე 1 წელი გავიდა და ქუჩა უპატრონოდ არის მიგდებული. ამ მომენტისთვის აღნიშნული ტერიტორია დაზიანებული და უმსგავსო ქოლგების ქუჩად არის ქცეული.