რუსთავში პირველი ექსტრემალური ველომოედანი ეწყობა [photo]

2020-06-29 00:10:58

რუსთავში პირველი ექსტრემალური ველომოედნის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. პირველი pumptrack ქალაში, ლეონიძის სკვერში იქნება განთავსებული.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დარჩენილია ექსტრემალური ველო მოედნის შემოღობვა და  გამწვანებითი სამუშაოები.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბეტონის ტიპით მოწყობილი ექსტრემალური ველომოედანი საქართველოში არის ერთადერთი. როცა პროექტი გავაკეთეთ, გარკვეული რეკომენდაციები ავიღეთ სპორტსმენებისგან. გაკეთდა 2 რგოლი, რომ ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეეძლოს წრიულად მოძრაობა", - აცხადებს ზაზა ზაზაძე.

როგორც რუსთაველი ველომოყვარული გიგა ძულიაშვილი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნავს, ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის, რომელთაც სპორტის ამ მიმართულებაში მსუბუქი ექსტრემი იზიდავთ, ველომოედანი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქმნება დასვენებისა და განტვირთვის მიზნით.

შეგახსენებთ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცით სარგებლობას რუსთაველები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შეძლებენ. ლეონიძის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა 180 კალენდარული დღეა.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვაბელის, ზაზა ზაზაძის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად 1 775 830 ლარი დაიხარჯება.