რას უკავშირდება ცვლილებები ბაღებში

2020-06-16 10:20:01

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რამდენიმე ბაღს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, ყოფილი გამგეების ნაწილი კი მუშაობას ბაღების გაერთიანებაში გააგრძელებს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, იცვლება #21 ბაღის გამგე. თამარ ალელიშვილი მუშაობას უკვე #27 საჯარო ბაღში გააგძელებს, მის ადგილს კი თინათინ ბარათაშვილი დაიკავებს, რომელიც მანამდე ბაღების გაერთიანებაში მუშაობდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება #20 საბავშვო ბაღს, გამგედ #1 ფილიალის ყოფილი მენეჯერი მარინა ქურცაძე ინიშნება.

რაც შეეხება #10 საჯარო ბაღს, სააღმზრდელო დაწესებულებას ამავე ფილიალის მენეჯერი უხელმძღვანელებს.

#31 ბაღი კი იოლანდა ოდიშარიას ჩააბარეს.

#25 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის მოვალეობას ამავე ბაღის მენეჯერი შეასრულებს.

ინფო რუსთავის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ბაღების გაერთიანებაში დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებებში როტაციის პრინციპი ამოქმედდა.

ბაღის თანამშრომლების ნაწილისთვის როტაციის წესი მისაღებია, ნაწილისთვის კი მიუღებელი, თუმცა აცხადებენ რომ წესი უკვე დამტკიცებულია და იძულებულები არიან გაერთიანების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას დაემორჩილნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.

უკავშირდება თუ არა აღნიშნული ცვლილებები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რუსთავის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში გვპასუხობენ რომ არა.