საპროტესტო აქცია ჭყონდიდელის დასახლებაში (ვიდეო).

2016-11-10 17:17:15

საპროტესტო აქცია ჭყონდიდელის დასახლებაში. მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლები, გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პრობლემის მოგვარების მიზნით მათ სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ თვითმართველობას არაერთხელ მიმართეს თუმცა, იმ მიზეზის გამო რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი რუსთავის მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მიიღეს. ადგილობრივების განცხადებით, სიტუაცია განსაკუთრებულად  მწვავდება წვიმიან ამინდებში. მათი თქმით, დაზიანებული გზა პრობლემებს უქმნის როგორც საჭესთან მსხდომებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. „ინფო რუსთავი“ საგზაო დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს რომ მშვიდობის ქუჩა მათ ბალანსზე არ არის და შესაბამისად ქუჩის კეთილმოწყობაზე ვერც საგზაო დეპარტამენტი აიღებს პასუხისმგებლობას. მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია რომ ქუჩის ეს მონაკვეთი გარდაბნის ბალანსზეა, თუმცა გზის მონაკვეთის გარდაბნის საკუთრებაში არსებობა გარდაბნის მუნიციპალიტეტმა უარყო. დღის ბოლოს თემაზე კომენტარი რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ აქუბარდიამ გააკეთა, მან აღნიშნა რომ - "გზის ამ მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციამდე, სისტემატიურად თვეში ერთხელ ხდება მისი შეკეთება და უახლოეს დღეებში ისევ განხორციელდება ეს შეკეთება, რაც შეეხება კაპიტალურ რემონტს, მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყება და სავარაუდოდ მოხდება მისი გათვალისწინება."