გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მოქალაქეს კუ ჩამოართვა. აღნიშნული დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მოქალაქე ინტერნეტმაღაზია mymarket.ge -ზე ხმელთაშუა ზღვის კუს ყიდდა, რომელიც საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,მოქალაქეს აღნიშნული კუ ჩამოართვეს და საქმის განხილვამდე, ზოოპარკს მიაბარეს. "საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობა, მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში და საბოლოოდ, დაბრუნდება დაცული ტერიტორიების იმ არეალში, სადაც ის ადვილად შეძლებს ადაპტირებას." – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში. ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა, რაც წითელი ნუსხით დაცული სახეობებით ვაჭრობაზე სანქციას გულისხმობს. საჯარიმო თანხა კი 150-დან 850 ლარამდეა განსაზღვრული.