მზადება ეროვნული გამოცდებისთვის პანდემიის ფონზე

2020-06-04 14:06:14

პანდემიის გამო გეგმიდან გადახვევა და ცხოვრების სტილის თავდაყირა დაყენება საზოგადოების ბევრ სხვა ჯგუფთან ერთად, მოუწიათ აბიტურიენტებსაც - ადამიანთა კატეგორიას, რომელთა ცხოვრებაშიც ახლა უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგას.

არიან თუ არა რუსთაველი კურსდამთავრებულები სათანადოდ მომზადებულნი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და როგორი იყო უჩვეულო, 2 თვიანი მზადება რეპეტიტორებთან  - ამ საკითხით "ინფო რუსთავი" დაინტერესდა.

აბიტურიენტები საინფორმაციო სააგენტოსთან შექმნილ პრობლემებსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან არსებული ვითარების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ.

არასათანადო მომზადებაზე განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ღელავენ. რუსთაველი აბიტურიენტი, თათა ახალბედაშვილი სკოლის წარჩინებით დამთავრების გამო ოქროს მედალითაა დაჯილდოვებული, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაცია მის საგამოცდო შედეგებზე ნეგატიურად აისახება.

"მიუხედავად იმისა, რომ სკოლის პერიოდში წაჩინებით ვსწავლობდი და ოქროს მედალოსანიც ვარ, ძალიან მეშინია ეროვნული გამოცდების. ეს შიში არ იქნებოდა, რომ არა პანდემია და დისტანციური სწავლება. ვფიქრობ, შექმნილმა მდგომარეობამ ყველა აბიტურიენტს ძალიან შეუშალა ხელი. განათლების სისტემასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, სხვა ალტერნატიული გზა არც არსებობდა იმ პერიოდში, მაგრამ ცალსახაა, რომ დისტანციური სწავლება ცოტას გვაძლევს, მეტიც, ზოგ საგანში არაფრის მომცემია. მაგალითად, ვინც მათემატიკით აბარებს დამეთანხმება, რომ შეუძლებელია მათემატიკის ზეპირად სწავლა. პანდემია უდიდეს გავლენას იქონიებს ჩვენს შედეგებზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაკვეთილს ვესწრებოდი ორი თვის განმავლობაში, ვერბალური კომუნიკაცია მაინც ძალიან რთულია. მოგვაკლდა რეპეტიტორების უშუალო გვერდში დგომა და დახმარება. დისტანციური სწავლების ძირითადი პრობლემა ინტერნეტი იყო.  ყველა დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა და სწავლობდა, ძალიან დაიწია ინტერნეტის მოწოდების ხარისხმა და ზოგჯერ შეუძლებელიც კი იყო ზუმში ან თუნდაც თიმსში შესვლა გაკვეთილზე. ვფიქრობ შეღავათები უნდა გაგვიწიონ, მაგალითად არ გაგვირთულონ ტესტი და დროის ფაქტორიც გაითვალისწინონ, არჩევით საგნებზე მაინც, ამით ძალიან დაგვეხმარებიან", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" თათა ახალბედაშვილი.

დისტანციური სწავლების გამო შექმნილ პრობლემებთან ერთად, ახალ რეალობაში გამოცდების ჩაბარების შესაძლო გართულებებზე საუბრობს ერთ-ერთი რუსთაველი აბიტურიენტი მარი საბანაძე.

"პანდემიამდე ყველაფერი გეგმას მიყვებოდა, გეგმა-გრაფიკით მივდიოდით და ვიცოდით, რომ მოვასწრებდით მასალის ბოლომდე გავლას, მაგრამ ამ ვითარებამ ძალიან დიდი პრობლემები შექმნა.  რეპეტიტორებს სკოლის გაკვეთილებიც ემატებოდა. დროებშიც ბევრი დამთხვევა იყო და რომელიღაცის გაცდენა აუცილებლად გვიწევდა. პროცესი საინტერესოა, მაგრამ ფაქტია, პრობლემებმა იჩინა თავი. ცუდი ინტერნეტის პრობლემა ძალიან დიდ დაბრკოლებას ქმნიდა და ართულებდა პროცესს.  მრავალჯერ გვიწევდა zoom-ში ხელთავიდან ჩართვა. ზოგმა რეპეტიტორმა ვერ შეძლო მალევე ჩამდგარიყო ფორმაში და ამან გამოიწვია, რომ დრო დავკარგეთ და  სათანადოდ მომზადება, მასალის ბოლომდე გავლა ვფიქრობ ვერავინ შეძლო. რთულია ისწავლო მათემატიკა ინტერნეტით, როცა  შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს დაფა და ხმაც ვერ გავიგოთ მასწავლებლის. შეღავათები აუცილებლად უნდა გაგვიწიონ, ყველასთვის ახალი გამოცდილება იყო და არ უნდა მოგვექცნენ მკაცრად. გამოვიარეთ სახლში ჯდომა, ვირუსთან ბრძოლა და ბევრი ფსიქოლოგიური წნეხი. გარდა ამისა, მე პირადად გამიჭირდება პირბადით სამი საათი და 45 წუთი ქართულის გამოცდაზე ყოფნა. ჟანგბადის ნაკლებობა და უჰაერობა ვფიქრობ იმოქმედებს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ცხადია, ნაწერზეც", - აცხადებს მარი საბანაძე.

შეგახსენებთ, ზუსტი თარიღი, როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, პირველი გამოცდა ივლისის თვის დასაწყისში დაინიშნება. ამ დროისთვის მიმიდნარეობს მუშაობა გამოცდების ჩატარების ფორმატზეც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები