თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც განათლების მინისტრი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი მარიამ ჯაში პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას რუსთაველი დირექტორებიც ესწრებოდნენ. „ინფო რუსთავი“ მე-4 სკოლის დირექტორ მამუკა ხამხაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით შეხვედრაზე დირექტორთა საბჭოს არჩევნების მომზადების პროცედურების გარდა, საუბარი იყო სკოლებში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზეც. მათ შორის იმაზეც, რომ სასურველია მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო პროგრამები შედარებით მსუბუქი, ხოლო მე-10,მე-11 და მე-12 კლასისი სახელმძღვანელოების პროგრამა დატვირთული იყოს. ასევე, პედაგოგს სახელმძღვანელოს არჩევისას მეტი თავისუფლება მიენიჭოს. შეხვედრაზე მყოფი პედგოგების უმრავლესობამ მთავარ პრობლემად სწორედ გრიფირებული სახელმძღვანელოები დაასახელა, მათი განცხადებით აღნიშნულ სახელმძღვანელოებს ბევრი ხარვეზი აქვთ და ხშირად პედაგოგებისთვისაც კი გაუგებარია თუ რა წერია წიგნში. მარიამ ჯაშმა სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებით, თავისი ხედვაც წარმოაჩინა, მისი თქმით ზოგიერთი სასწავლო პროგრამის შემუშავება საზოგადოებსთან, ეკლესიასთან და არასამთავრობო სექტორთან უნდა ხდებოდეს. „ საქართველოსთვის ექსკლუზიური პროგრამები, რომელთა შემუშავებაც ჩვენი პრეროგატივაა, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის ასევე, ხაზს გავუსვამ, შეიძლება ეს არადადებითად შემიფასონ საერთაშორისო ექსპერტებმა, მაგრამ აუცილებლად საქართველოს ეკლესიასთან კონსულტაციით უნდა შეჯერდეს. საქართველოს ისტორიაში იმდენად დიდი როლი ჰქონდა სარწმუნოებას და ეკლესიას, რომ არ გვაქვს უფლება, კონსულტაციისა და რჩევის დონეზე მაინც არ მივმართოთ მათ სასწავლო პროგრამების შემუშავებისას. რასაკვირველია, იმ პროგრამებისთვის, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნები გააჩინოს“ - განუცხადა მან დამსწრე საზოგადოებას. შეხვედრის დასასრულს პედაგოგებმა იმედი გამოთქვეს,რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართება. წიგნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ინფო რუსთავს“ რამდენიმე მშობელმაც მიმართა, მათი თქმით ბავშვებს სახელმძღვანელობები ჯერ კიდევ არ აქვთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს თამარ ხეჩიკაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ მოსწავლისთვის განვუთვნილი წიგნები სკოლებს ინფრასტრუფტურის განვითარების სააგენტოს მიერ უკვე გადაეცათ. მობილობის შემთხვევაში კი წიგნების დამატება ხდება ხოლმე საჭირო. თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, სახელმძღვანელოების გადაცემის პრობლემასთან დაკავშირებით მშობლებმა ჯერ სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კი რესურს-ცენტრს.