ილია II-ის ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში

2020-05-28 14:07:31

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა.

უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ.

მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი.

ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი.

ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ " - განაცხადა პატრიარქმა.

RUSTAVI