ჩიქოვანის კითხვა პრემიერს პროდუქტების ფასების ზრდაზე

2020-05-27 15:50:39

მამუკა ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრს სასურსათო პროდუქტებზე გაძვირებულ ფასებთან დაკავშირებით მიმართავს - ჩიქოვანი ფასების მატებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ  პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ ფასები პროდუქტებზე 60% -ით გაიზარდა.

“ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაბიჯი იყო და თქვენ აქ მოხსენებაში წარმატებულ ქმედებად შემოგვასაღეთ პირველადი მოხმარების, თქვენს მიერ იდენტიფიცირებად სასურსათო პრდოუქტებზე ფასების შენარჩუნება. აღნიშნული პროგრამისთვის გამოყავით 10 მილიონი ლარი, დახარჯეთ თანხა, თუმცა ფასები მაინც დრამატულად გიაზრდა. რომ შევადაროთ პანდემიამდე და პანდემიის პროცესში ფასები, ვიხილავთ სულ მცირე 60%-იან მატებას მთელ რიგ პროდუქტებზე.

სწორედ, როგორც თქვენ ახსენეთ, სპეკულაციური ფასები მივიღეთ. როგორ ან რატომ უნდა შეფასდეს ამ მხრივ თქვენი ქმედება ეფექტურად? რა არის ეს – მორიგი კრახი, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის მორიგი შემთხვევა. მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხეთ დანაპირების შესრულება და ფასების შენარჩუნება, რასთან გვაქვს საქმე – კორუფცია თუ კომპეტენციის არარსებობა?” - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის შედეგად, შექმნილი ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებამ 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები შექმნა, რომელიც დღესაც არსებობს.

როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განმარტა, მთავრობის დაპირება ბაზარზე ფასების სპეკულაციური მერყეობისა და კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება იყო, რაც შესრულდა.

"არავინ არავის დაპირებია ფასის დაფიქსირებას. ჩვენი დაპირება იყო ფასების სპეკულაციური მერყეობისა და კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება, რაც შევასრულეთ. საერთაშორისო ბაზრებზე, მაგალითად შაქარსა და ფქვილზე საქარველოს ფასების დაზღვევა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი ძირითადი ამოცანა შიდა რისკების დაზღვევა იყო- ეს იყო სპეკულაცია და კურსთა შორის სხვაობა, რაც ქმედითად გაკეთდა“ - განაცხადა პრემიერმა.