რა შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისის შემდეგ

2020-05-22 00:02:05

23 მაისის 00:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ იზრდება როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.

"საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო მეტად იზრდება. მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში საჭირო იქნება.

ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები კი უნდა ისხდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე.