მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია

2020-05-21 11:24:13

ყველას, ვისაც სახელმწიფო ანტიკრისიზული გეგმის ფარგლებში ეხმარება, სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. როგორც იცით, კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით იყო გადავადებული და გუშინ გადაწყდა, რომ ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური, ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. ყველას, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს კრედიტი, ხოლო თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით. ეს ყველაფერი მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა დამატებითი განმარტებები გააკეთა.

„თქვენ იცით, რომ სესხები სამი თვით იყო გადავადებული პრაქტიკულად ყველა ფიზიკურ პირზე ისე, რომ არ მოხდა მათი კაპიტალიზაცია ანუ პროცენტის დარიცხვა. ამ ეტაპზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბანკებთან და გუშინ შევჯერდით შემდეგ მოდელზე, რომ ისინი ერთი მხრივ, იმ ადამიანებზე, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ იგივე პირობებით და გარდა ამისა, თვითონ შეაფასებენ და ნახვენ გადახდისუნარიანობის მიხედვით, ანუ ვისაც შეუწყდა შემოსავალი ან მკვეთრად შეუმცირდა და გადახდის პრობლემა აქვს, ასევე თავიანთ ინფორმაციაზე დაყრდნობით იგივე პირობებით გადაუვადებენ სამი თვით, კაპიტალიზაციის გარეშე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.