პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა

2020-05-21 11:08:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისიდან აღარ გაგრძელდება.

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად აუცილებელია, რომ ქვეყანაში რიგი შეზღუდვები დარჩეს. რის გამოც პარლამენტში შესაბამისი კანონის მიღებაზე უკვე მუშაობენ.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი, თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის , ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის,სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონასვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს და 22 მაისის ჩათვლით ექნება ძალა. ხოლო 23 მაისიდან უკვე კომენდანტის საათიც და საგანგებო მდგომარეობაც მოხსნილი იქნება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები