ამირან ჯანჯღავას ინიციატივა

2020-05-18 22:47:24

ამირან ჯანჯღავას ინიციატივა.

რუსთავის საკრებულოს წევრმა "ინფო რუსთავს" წერილით მიმართა და ინფორმაციის გაჟღერება სთხოვა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც იცით, არაერთი ფსიქოლოგიური ემპირიული კვლევა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენს ინდივიდის ფსიქო-ემოციურ თუ პიროვნულ განვითარების პროცესზე დადებითი ემოციები, პოზიტიური სიტყვები, რაც შეიძლება ერთ მადლობაში იყოს გამოხატული. სამწუხაროდ სოციალურ მედიასა და ყოველდღიურობაში ჭარბობს უარყოფითი ინფორმაცია, თითქოსდა მივეჩვიეთ კიდეც და მიდრეკილება გაგვიჩნდა ნეგატიური მოვლენებისადმი.

არადა, ყოველდღე მშობლები, მეზობლები, მეეზოვეები, მასწავლებლები, მედიკოსები, პოლიციელები, სამხედრო პირები, თანამშრომლები და კიდევ რამდენი მადლობის ადრესატი გვყავს. რამდენი დამსახურებული მადლობის გადახდა გვავიწყდება ხოლმე. თითოეული მადლობის უკან დგას მოტივაცია, ახალი ენერგია, სიყვარული, რაც შრომისუნარიოანობასა და შემოქმედებითობის პროცესსაც უფრო ეფექტურს ხდის.

აქვე მინდა გაგახსენოთ ის ფრაზა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში 2018 წელს ბრძანა: “დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა“.

ვეცადოთ, რუსთაველებმა აქაც მაგალითი შევქმნათ და მადლობის გადახდის კულტურა უფრო პოპულარული გავხადოთ. ასე, რომ მადლობა გიო შენ, მადლობა ინფო რუსთავს, მადლობა ქალაქის მერს, საკრებულოს თავმდჯომარეს, თითოეულ ჩემს კოლეგას, თითოეულ რუსთაველს და ყველა ადამიანს მადლობა ვისაც სიყვარული შეუძლია."

ამირან ჯანჯღავას მადლიერების დღის დაწესება სურს.