უგულავამ და ოქრუაშვილმა რუსთავის ციხე დატოვეს

2020-05-15 22:00:02

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავის საპატიმრო დატოვეს. ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან თანაგუნდელები ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

"ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ოპოზიციის წევრებს, ასევე დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა, -განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

"მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.

სანამ ავხსნი ჩემი ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს, მანამდე ყველას გასაგებად უნდა განვმარტო შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ზვიადისა და მერაბის შემდეგ, წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეების გადავსების მაგივრად, საბედნიეროდ, დღეს დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ. გასაგები რომ იყოს, დავამატებ, რომ პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, ის მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.