"ჩემი ოცნება იყო ქართული ენა მესწავლებინა"

2020-05-10 19:09:00

თითოეულ ადამიანს, ბავშვობიდან სხვადასხვა ოცნება და მიზანი აქვს - რუსთაველი გოგონას, ნარმინა გუსეინოვას ერთ-ერთი ოცნება და მთავარი მიზანი კი,  არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის შემსწავლელი გაკვეთილების ჩატარება იყო.

25 წლის, პროფესიით სოციოლოგმა გოგონამ, ოცნების ასახდენად პირველი ნაბიჯები გადადგა და საქართველოში მცხოვრები  ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ვიდეო-გაკვეთილების ჩაწერა დაიწყო.

ნარმინა გუსეინოვამ ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" კითხვებს უპასუხა:

- რატომ გადაწყვიტე ქართული ენის ონლაინ გაკვეთილების ჩატარება?

- მე იუთუბმა ბევრი რამ მასწავლა და თავს ე.წ. „იუთუბერების“ წინაშე მოვალედ ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ მათ პირდაპირ ვერ გადავუხდიდი და არც იყო საჭირო, ამიტომ გადავწყვიტე სხვისთვის გადამეხადა, მათთვის, ვისაც სჭირდებოდა და იმით, რაც შემეძლო. ეს არის მიზეზი, რატომაც დავიწყე ვიდეო-გაკვეთილების ჩატარება, ხოლო მიზანი ამისა არის არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლის პროცესისა და სირთულის შემსუბუქება. სწავლებაა-მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან სწავლა-სწავლების პროცესი მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მოსმენასა და უკუკავშირის მიცემასაც გულისხმობს. ამ შემთხვევაში ჩემი ვიდეოები მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაა, თანაც ცალმხრივი.

- პირველ ვიდეოში ამბობ, რომ შენი ბავშვობის ოცნება იყო მსგავსი საქმიანობით დაკავებულიყავი - რატომ გქონდა ეს ოცნება?

- როგორც კი დავიწყე იმ პრობლემის გააზრება, რომელიც ქვეყანაში ენასთან დაკავშირებით გვქონდა, ჩემს ოცნებად იქცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელშიც ყველას ყველასი ესმის, ყველას ყველასთან შეუძლია საუბარი და ადამიანებს აქვთ საერთო ენა, რომელზეც საუბრობენ. ჩემი ოცნება იყო, რუსულის, როგორც lingua franca-ს ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოღება და მისი სახელმწიფო ენით ჩანაცვლება. როგორც ჩანს, ჩემი ეს სურვილი სხვებსაც ჰქონიათ და ეს არის მიზეზი, რომ არაერთი პროექტი და მეთოდი შემუშავდა ქვეყანაში. ამ პროცესის ნაწილი მინდოდა, ვყოფილიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა, რასაც საკუთარ პასუხისმგებლობადაც მივიჩნევდი. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ადამიანებისთვის საკუთარი ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გადაცემა და რაღაცის ახსნა, რასაც ადამიანები დადებითად მიფასებენ. მეც, ვინაიდან, ასეთ შეფასებას იმსახურებს ჩემი ახსნის მეთოდი, მინდოდა, სხვა ადამიანებისთვის გამომეყენებინა ეს უნარი ისეთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა მეორე, თანაც სახელმწიფო ენის სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი ამაზე, სისრულეში ვერ მომყავდა, რადგან გარდა ფსიქოლოგიური ბარიერებისა, მატერიალური შეზღუდვებიც მქონდა, მაგალითად, არ მქონდა კამერა, არ ვიცოდი ვიდეოს დამუშავება და ა.შ.

- რთულია თუ არა თეორიული მასალის აზერბაიჯანულ ენაზე ახსნა?

- ჩემი მხრიდან მასალების აზერნაიჯანულ ენაზე ახსნა სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან აკადემიურ აზერბაიჯანულსაც ძალიან კარგად ვფლობ და ვიცი გრამატიკის წესებიც. თუმცა, სულ იმაზე ვფიქრობ, მსმენელამდე ზუსტად მიდის თუ არა, რადგან, მიუხედავად აზერბაიჯანულენოვანი სკოლის დამთავრებისა, ზოგ სკოლაში აზერბაიჯანული ენის გრამატიკაც კი ხარისხიანად არ ისწავლება. შესაბამისად, თუ ადამიანმა აზერბაიჯანულ ენაზე არ იცის ზმნა ან არსებითი სახელი რა არის, მას ვერც ქართულად, ვერ ინგლისურად ვერ გაიგებს.

 - რას გაძლევს ეს ყველაფერი შენ?

ვიდეოების გადაღება მე პირველ რიგში მამშვიდებს, რადგან მგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვაკეთებ. ამას უფრო მეტი დადებითი ემოცია ემატება, როდესაც მსმენელების მხრიდან დადებითი რეაქცია მოდის, რაც ძალიან მახარებს და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. გარდა ამისა, მე თავად ვსწავლობ, მაგალითად, როგორ ვიმუშაო კამერასთან, როგორი დავამუშაო ვიდეო და ა.შ. თან, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 წელი ამერიკელ მოხალისეებს აზერბაიჯანულს, ხოლო ქართველებს ინგლისურს ვასწავლიდი, გარკვეული მეთოდები შემუშავებული მაქვს, თუმცა, ვიდეობის გადაღებასთან ერთად უფრო ვხვეწ და ვავითარებ ენის სწავლების უნარებს.

- შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის ცოდნა და რატომ არის მნიშვნელოვანი?

- შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ ფიზიკური არ მგონია. როდესაც ადამიანმა სახელმწიფო ენა არ იცის და უწევს ბანკში, სასამართლოში, კლინიკაში და ა.შ. წასვლა და აღმოჩნდება, რომ სათქმელს ვერ გადასცემს და აქეთაც არ ესმის, ეს შესაძლებლობების შეზღუდულობაა. ე.ი. არსებობს შესაძლებლობები, რომლებითაც საქართველოში ბევრი ადამიანი ვერ სარგებლობს. უყურებს ქართულ ნაწერს, მაგრამ „ვერ ხედავს“, ისმენს ქართულ წინადადებას, მაგრამ არ „ესმის“, აქვს სათქმელი, მაგრამ ვერ „ლაპარაკობს“. ქართული ენის ცოდნა უმნიშნელოვანესია, რადგან ისედაც არათანაბრად გადანაწილებული რესურსების თანაბრად მომხარების უნარები მაინც ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ამ წინადადებას სულ ვამბობ, რომელსაც ჩემი დაკვირვებებიდან გამომდინარე მივაგენი: მითხარი, რომელი ქვეყნის მედიას უყურებ და გეტყვი სადაური ხარ შენ. როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი უყურებს მხოლოდ აზერბაიჯანის არხებს ისევ ქართული ენის არცოდნის გამო, მაშინ იგი ეცნობა აზერბაიჯანის პოლიტიკას, აზერბაიჯანის ამინდის პროგნოზს, აზერბაიჯანის ვალუტის კურსს, აზერბაიჯანის მომღერლებს, აზერბაიჯანის ფილმებს, სხვ. ამის მიზეზი ქართული ენის არცოდნა არაა მხოლოდ, თანაც ამაში თვითონაც არ არის დამნაშავე. ამის მეორე, კიდევ ამდენადვე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართულ მედიაში საკუთარ თავს ვერ ხედავს, ვერ ხედავს, მაგალითად, მარნეულის კულტურას, გარდაბნის სპორტსმენებს ბოლნისის რეპერებს და ა.შ. თუ კი მის შესახებ რამე არის, ისიც უარყოფით კონტექსტში. ეს თემა ძალიან ფართოა და სხვათაშორის ვფიქრობ ჩემი შემდეგი აკადემიური ხარისხის ნაშრომი დავწერო სწორედ ეთნიკური უმცირესობების მიერ საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში მედიის როლზე.

- შენი გამოცდილება - როგორ ისწავლე ქართული ენა, რა სირთულეები გხვდებოდა გზად?

- ვინაიდან რუსთავში ვცხოვრობ და ქართულენოვან საბავშვო ბაღსა და სკოლაში დავდიოდი, ჩემთვის ქართული ენის სწავლა არც იყო სწავლა, უბრალოდ აზერბაიჯანულთან ერთად ქართულადაც ავმეტყველდი. გარდა ამისა, ბავშვობაში ჩემი მეგობრების უმრავლესობა ეზოში, სკოლასა და შემდეგ უნივერსიტეტში ეთნიკურად ქართველები იყვნენ, შემდეგ - თანამშრომლებიც,  რა თქმა უნდა. თუმცა, ამ ბოლო ხანებში რაღაცას დავაკვირდი, მე ქართულის შემთხვევაში თავდაპირველად აკადემიური და სალიტერატურო, ხოლო აზერბაიჯანულის შემთხვევაში - ჯერ ყოფითი და ყოველდღიური ენა ვისწავლე. ეს ლოგიკურიცაა. ყოფითი აზერბაიჯანული ოჯახში, ხოლო სალიტერატურო ქართული ოჯახს გარეთ, განსაკუთრებით სკოლაში ვისწავლე. შემდეგ კი დავიწყე აზერბაიჯანულ ენაზე დაწერილი მხატვრული  ლიტერატურის კითხვა, გრამატიკის წიგნების გაცნობა, ქართულის შემთხვევაში ეს სიცარიელე ბუნებრივად ამოივსო, როდესაც მეგობრებთან დავიწყე უფრო ახლო ურთიერთობა. ახლა ორივე ენის ორივე ნაწილი ჩემთვის ბუნებრივია და, ხანდახან საუბარში ერთიდან მეორეზე რომ გადავდივარ, ვერც ვიაზრებ, რომ ენა შევცვალე. თუმცა, ენების აღრების წინააღმდეგი ვარ და ამ წესს ყოველთვის ვიცავ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში სჭირდება კარგი ორენოვანი სოციოლოგი, რომელიც ხარისხიანად და ეფექტიანად გამოიკვლევდა უმცირესობების მდგომარეობას, თვითიდენტიფიკაციისა და ქვეყანაში მათი ინკლუზიის პრობლემასა თუ საშუალებებს. ამიტომ შემდეგი სემესტრიდან სწავლას ვაახლებ ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით. რაც შეეხება ჩემს ვიდეო-გაკვეთილებს, არათუ არ შევაჩერებ მათ, არამედ ჩემი მიზანია, უფრო ხარისხიანად მივაწოდო მსმენელს. ხარისხში ვგულისხმობ როგორც ტექნიკის დახვეწას, მაგალითად, მიკროფონისა და უკეთესი კამერის შეძენას, ასევე სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას, რათა ცალმხრივი გადაცემის მიუხედავად, უფრო ინტერაქციული და ეფექტიანი იყოს. აგრეთვე, მინდა, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინო ჩემი ხმა, რათა მეტმა შეძლოს ენის სწავლის პროცესის რაღაც დონეზე მაინც გამარტივება ჩემი ვიდეოების საშუალებით.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები