რუსთავში კოვიდ მიმღები ცენტრი მოეწყო

2020-05-01 16:29:44

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდ პაციენტების მიმღებ ცენტრად გადაკეთდა.

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით კლინიკა მთლიანად დაცლილია და მოლოდინის რეჟიმზეა გადასული.

თუკი ქვეყნის მასშტაბით არსებული კოვიდ პაციენტების მიმღები ცენტრები გადაივსება და მათ პაციენტების მიღება აღარ შეეძლებათ, პაციენტების ნაწილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსდებიან. ამ მომენტისათვის ის სარეზერვოდაა გამზადებული.

"საავადმყოფო დაცლილია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაკეტილია. საავადმყოფო არის დაცლილი იმის გამო, რომ შესაძლო აფეთქების შემთხვევაში მზად ვიყოთ. ვართ მოლოდინის რეჟიმში. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ იყოს სარეზერვო ფრონტის უკანა ხაზი, რომელიც მიიღებს პაციენტებს, თუ შესაძლო აფეთქება მოხდა",- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

მარტის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო ცხელების ცენტრად იყო გადაკეთებული, სადაც ქალაქის მასშტაბით ის პაციენტები მიჰყავდათ, ვისაც ცხელება აღენიშნებოდათ.

იქ კი პაციენტის ანამნეზის შეკრება ხდებოდა. ცხელების დადასტურების შემთხვევაში პაციენტი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში თავსდებოდა, საეჭვო სიმტომების მქონეებს კი უტარდებოდათ ტესტირება. ახლა კლინიკას შეუძლია მიიღოს პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, აქვთ კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები ან უკვე დადასტურებულია COVID19.

საავადმყოფოს დირექტორი თხოვნით მიმართავს რუსთაველებს და მოუწოდებს, რომ თუკი პიროვნებას აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები, პირდაპირ კლინიკას ნუ მიმართავს.

ასეთმა ადამიანმა, შესაძლო სიმტომების არსებობის შემთხვევაში, ჯერ უნდა დარეკოს 112-ში, რომელიც ოჯახის ექიმთან გადაამისამართებს. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ კი გადაწყდება უნდა მოხდეს თუ არა პირის ცენტრში გადაყვანა.

ამ ეტაპზე კლინიკაში ბოლნისიდან გადმოყვანილი ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ცხელებით გადმოყვანილი პაციენტების რაოდენობას, პაპუნა ბახტაძის თქმით, რიცხვი ყოველდღიურად იცვლება.

საერთო ჯამში ამ დროისთვის კორონავირუსზე 200 ტესტია გაკეთებული და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები