გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ჰაერის ხარისხი რუსთავში

2017-04-29 16:01:57

ბოლო დროს ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ დადებითად იმოქმედა ბუნებაზე, მათ შორის ჰაერის ხარისხზე და ოზონის შრის აღდგენაზეც.

საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი დაინტერესდა, გააუმჯობესა თუ არა გაჩერებულმა საავტომობილო მიმოსვლამ რუსთავში ჰაერის ხარისხი.

საინტერესოა, როგორ იყო ჰაერის ხარისხი რუსთავში ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამდე, აკრძალვის პერიოდში და მას შემდეგ, რაც ავტომობილებით გადაადგილება კვლავ ნებადართული გახდა.

მონაცემები ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან ავიღეთ, რომელიც ინფორმაციას რუსთავში ბათუმის ქუჩის N19-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან იღებს.

ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები: NO2- აზოტის დიოქსიდი, SO2-გოგირდის დიოქსიდი, PM2.5 და PM10-მტვრის მყარი ნაწილაკები, CO-ნახშირჟანგი.

მონაცემების შესადარებლად ავიღეთ ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ამოქმედების წინა დღე 16 აპრილი, აკრძალვის მოქმედების დრო 23 აპრილი და მისი მოხსნის მესამე დღე, 29 აპრილი.

ჰარში NO2, ანუ აზოტის დიოქსიდის შემცველობის ძალიან კარგი მაჩვენებელად 0-დან 40-მდე ითვლება.

16 აპრილისთვის რუსთავში აზოტის დიოქსიდის შემცველობა დილის 9 საათისთვის 10.73 იყო. ამ დღეს ყველაზე მაღალი შემცველობა 12 საათზე დაფიქსირდა და ჰაერში მისი რაოდენობა 13.06 იყო.

23 აპრილის 9 საათის მონაცემებით აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში 12.54 იყო, ხოლო ამ დღეს ყველაზე მაღალი შემცველობა, 13.58, 10 საათისთვის დაფიქსირდა.

29 აპრილის მონაცემებით აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში 12.86 მკგ/მ3-ია.

აზოტის დიოქსიდის ჰაერში მოხვედრის ძირიდათი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.

NO2-ის ქრონიკულ ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს რესპირატორული პრობლემები, სასუნთქი გზების ანთება და ასთმური ეფექტების გაძლიერება.

SO2 – გოგირდის დიოქსიდი, მისი შემცველობა ჰაერში ძალიან კარგ მაჩვენებლად ითვლება, როცა 0-დან 100-მდეა.

16 აპრილის მონაცემებით გოგირდის დიოქსიდის შემცველობა რუსთავის ჰაერში 24 საათის საშუალო მაჩვენებლით 1.27 იყო.

23 აპრილს კი ამ მაჩვენებელმა დაიკო და 0.67-მდე ჩამოვიდა.

ხოლო 29 აპრილისთვის გოგირდის დიოქსიდის მაჩვენებელი ჰაერში 1.25-მდე გაიზარდა.

გოგირდის დიოქსიდის ჰაერში მოხვედრის მთავარი წყარო  თბოელექტრო სადგურების მიერ წიაღისეული საწვავის(მაზუთი, ქვანახშირი და ა.შ.) წვაა. თუმცა ასევე შესაძლებელია ის ჰაერში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, გოგირდმჟავას წარმოების, გოგირდის შემცველი მადნების დნობისა და ლოკომოტივებში, გემებისა და ავტომობილებში მაღალი გოგირდის შემცველობის საწვავის წვითაც მოხვდეს.
გოგირდის დიოქსიდს ადამიანზე სხვადასხვა უარყოფითი
გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორებიცაა: თვალების გაღიზიანება, ცრემლიანობის მომატება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება.

მტვრის მყარი ნაწილაკები PM2.5 და PM10.

ჰაერში PM2.5-ის შემცველობის ძალიან კარგი მაჩვენებელი 0-დან 10-მდეა, ხოლო PM10-ის 0-დან 20-მდე.

16 აპრილისთვის რუსთავის ჰაერში PM2.5-ის შემცველობა 24 საათის საშუალო მაჩვენებლით 20.99, რაც საშუალო მაჩვენებელია.

23 აპრილისთვის ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და 6.8-მდე ჩამოვიდა.

ხოლო 29 აპრილის მონაცემებით ჰაერში PM2.5 შემცველობა 10.60-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება PM10, 16 აპრილის მონაცემებით მისი შემცველობა ჰაერში 41.04 იყო, რაც ასევე საშუალო მაჩვენებელია.

23 აპრილისთვის ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა და 8.81-მდე ჩამოვიდა.

ხოლო 29 აპრილის მონაცემებით რუსთავის ჰაერში PM10 ნაწილაკების შემცველობა ისევ გაიზარდა და 16.49 გახდა.

მყარი ნაწილაკების PM2.5-სა და PM10-ის ჰაერში მოხვედრის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერია.

ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდი ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ჰაერში CO, ნახშირჟანგი, შემცველობის ძალიან კარგ მაჩვენებელად 0-დან 5-მდე ითვლება.

რუსთავის ჰაერში ნახშიროჟანგის შემცველობა 16 მარტის მონაცემებით 0.25 იყო.

23 აპრილის მდგომარეობით კი მცირედით დაიკლო და 0.21 გახდა.

ხოლო 29 აპრილის მონაცემებით ისევ ძალიან მცირედით დაიკლო და მისი შემადგენლობა ჰაერში 0.20 გახდა.

ნახშიროჟანგი, CO, უფერო და უსუნო აირია, მისი ჰაერშიმოხვედრის უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, ასევე შინამეურნეობაში გათბობის, საკვების მომზადებისა და თბილი წყლისთვის შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარება.

მისი ზემოქმედება ადამიანებში თავის ტკივილს, მენტალური ცნობიერების დაქვეითებას, გულის შეტევას, გულსისხლძარღვთა დაავადებებსა და ნაყოფის განვითარების შეფერხებას იწვევს. მისი ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემდეგ კი ფატალური შედეგიც დგება.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები დადებითად რუსთავში ჰაერის დაბინძურების ხარისხზეც აისახა და ამ მაჩვენებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში ავტომობილების გადაადგილების ძირითადმა გაჩერებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია.

თუმცა აკრძალვის მოხსნის შემდეგ ჰაერში ძირითადი დამაბინძურებლების კონცენტრაცია რამდენიმე დღეში ისევ გაიზარდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები