აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

2020-04-27 00:18:27

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე covid 19 დიაგნოზით ნიუ- იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა.

საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა ლატვიაშიც. გია გიორგაძე თელავიდან იყო. 52 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

მათი თქმით, მამაკაცს გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ამიტომ კორონავირუსის გადატანა ვერ შეძლო.

გია გიორგაძე ლატვიაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ბოლოს მან საქართველო 2020 წლის იანვარში დატოვა და უცხოეთში გაემგზავრა.

ოჯახის ინფორმაციით, მათთან აქტიურ კონტაქტზეა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.