პედიატრი თემურ მიქელაძე, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მშობლებს ურჩევს, ბავშვები 14:00-16:00 საათამდე შუალედში 15 -20 წუთის განმავლობაში ეზოში, მეთვალყურის თანხლებით, გაიყვანონ. როგორც თემურ მიქელაძე ამბობს, თუ ბავშვს ხელისგულები, ხელის ზურგი და სახე ღია ექნება, 15 წუთი საკმარისია, რომ D ვიტამინი სწორად გამომუშავდეს. პედიატრის თქმით, საქართველო არ მიეკუთვნება ისეთი განედის ქვეყნებს, სადაც ადამიანს D ვიტამინის მკვეთრი დეფიციტი შეიძლება განუვითარდეს.
„დღვანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვი შეგვიძლია 14:00-16:00 საათამდე შუალედში 15 -20 წუთის განმავლობაში გავიყვანოთ ეზოში, ოღონდ აუცილებლად ბავშვთან ერთად უნდა იყოს მოზარდი ან მოზრდილი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს მას. თუ ბავშვს ხელისგულები, ხელის ზურგი და სახე ღია ექნება, 15 წუთი საკმარისია, რომ D ვიტამინი სწორად გამომუშავდეს. თუ იქნება მკაცრი საკარანტინე რეჟიმი, მაშინ შეგვიძლია საკვებით და ზოგ შემთხვევაში, D ვიტამინის საპროფილაქტიკე დოზა დავნიშნოთ ასაკის მიხედვით: შეგვიძლია ერთი, ორი, ოთხი წვეთი თვენახევარი-ორი თვის განმავლობაში მივცეთ ბავშვს. D ვიტამინი არ არის ძვირადღირებული პრეპარატი. საქართველო არ მიეკუთვნება ისეთი განედის ქვეყნებს, სადაც მკვეთრი D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განგვივითარდეს, ამიტომ თუ კარგ ამინდში (და არა ქარიან, წვიმიან ამინდში) 14:00-16:00 საათამდე შუალედში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გავალთ აივანზე, ჩვენ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს მივიღებთ.
გარდა ამისა, ბავშვებისთვის მთავარია სწორი და ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. ეს მოიცავს 50% ბოსტნეულს, 20-25 % ხილს, დანარჩენი ცილა, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები და მარცვლეული," - განაცხადა თემურ მიქელაძემ.
მისივე თქმით, გარდა სწორად დაცული კვების რაციონისა და რეჟიმისა, აუცილებელია, ბავშვები დღის განმავლობაში 15-20 წუთის განმავლობაში ფიზიკურადაც დაიტვირთნონ.
„არასოდეს არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ეზოში სეირნობისას. ან თუ მიდიხართ სოფელში ან აგარაკზე, ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა გადავიდეს მეზობელთან.
მეორე პრობლემა, რაც ბავშვებთან შეიძლება გამოგვივლინდეს, ეს არის ეკრანდამოკიდებულების პრობლემა. ონლაინ გაკვეთილებისა და სხვადასხვა აქტივობის გამო ბავშები ეკრანს მიეჯაჭვნენ. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ ბავშვები დღის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერაც გავიყვანოთ 15-20 წუთით. ოღონდ აუცილებელია იყოს კარგი და მზიანი ამინდი. მოღრუბლულ, ქარიან და წვიმიან ამინდში შეიძლება ვირუსული ინფექციაც დაემართოთ. ახლა ცირკულირებს გრიპის ვირუსი და სხვა რესპირაციული ვირუსები," - განაცხადა მიქელაძემ.
პედიატრის თქმით, კომპლექსური ვიტამინების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენება მხოლოდ ისეთ ბავშვებშია რეკომენდირებული, რომლებსაც აქვთ ქრონიკული პათოლოგია, შეწოვის პრობლემები და სხვ. ჯანმრთელ ბავშვებში, რომელთაც მშობლები საკვებ პროდუქტებს სწორად ურჩევენ, კომპლექსური ვიტამინების დამატება საჭირო არაა.
„ერთადერთი თუ გარეთ ვერ გაგვყავს, შეგვიძლია საპროფილაქტიკოდ გამოვიყენოთ D ვიტამინი. მაგრამ თუ მივცემთ ბავშვს თევზს, რძის პროდუქტებს და D ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს, საქართველოსნაირი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნისთვის არ არის D ვიტამინის ჭარბი დოზის მიღება აუცილებელი. რამეთუ D ვიტამინის სიჭარბე უფრო რთულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, ვიდრე მისი ნაკლებობა," - განმარტა თემურ მიქელაძემ.
ამასთან, მისი თქმით, პირბადებიის გაკეთება ღია სივრცეში ბავშვებისთვისაც არაა აუცილებელი. რაც შეეხება ლიფტით მგზავრობის წესებს, სასურველია კაბინაში მხოლოდ ოჯახის წევრთან ერთად შესვლა.
„თუ მარტო მგზავრობთ ლიფტით და სხვა უცხო ადამაინი არ არის, გადაცემის მექანიზმი ნაკლებად იქნება. აუცილებელია, ბავშვმა სახელურს არ მოკიდოს ხელი, ღილაკებსა და კედლებს არ შეეხოს. ასე არ დაფრინავს ვირუსი. თუმცა, ბოლომდე არ არის გაშიფრული ვირუსი და რა დროს შეიძლება განიცადოს ტრანსფორმაცია და ჰაერ-წვეთოვანი გავრცელება ჰპოვოს, არავინ არ იცის. დამატებითი დაზღვევისთვის, შეიძლება პირბადის გაკეთება," - განაცხადა მიქელაძემ.