როდის იქნება მზად კორონავირუსის საცდელი ვაქცინა

2020-04-21 10:56:51

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში კორონავირუსის მილიონი ვაქცინა ექნებათ მზად. ამის შესახებ BBC-ი წერს.

თუმცა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს განცხადებით, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს, გარანტიები არ არსებობს და ვაქცინის დამზადების ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია.

ოქსფორდის საცდელ კვლევაში მონაწილეობას პირველი პაციენტები მომავალ კვირას მიიღებენ.

რა გააკეთა ოქსფორდის გუნდმა?

აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის გუნდი კორონავირუსის პანდემიისთვის მანამდე ემზადებოდა, ვიდრე ვირუსი მსოფლიო მასშტაბით დაიწყებდა გავრცელებას.

მათ უკვე შექმნილი ჰქონდათ გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი, რომელიც ახალი ვაქცინის საფუძველს წარმოადგენს. მეცნიერებმა მასში ახალი კორონავირუსის გარკვეული ნაწილი ჩააშენეს და მიიღეს უსაფრთხო ვირუსი, რომელიც, წესით, იმუნურ სისტემას CoVid-19-თან ბრძოლას ასწავლის.

თუმცა, მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ექსპერიმენტული ვაქცინა.

პროფესორი სარა გილბერტი, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს, მის ეფექტიანობაში 80%-ით დარწმუნებულია.

„ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ამ ტექნოლოგიას დიდი ხანია ვიცნობ, MERS-ის ვაქცინის კვლევეზეც მიმუშავია და მინახავს, თუ რა შეუძლია მას. ჩემი აზრით ამ ვაქცინას დიდი შანსი აქვს“,- ამბობს სარა.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იციან იმუშავებს თუ არა ვაქცინა, გუნდი მის მასიური წარმოების გეგმაზე უკვე მუშაობს.

„ჩვენი მიზანია, რომ სექტემბრისთვის მილიონი დოზა მაინც გვქონდეს, იმისთვის, რომ როდესაც ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ შედეგებს ვიხილავთ, სწრაფად მოქმედება შევძლოთ“,-  განაცხადა პროფესორმა ადრიან ჰილმა.

როდის ეცოდინებათ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ პასუხი?

მკვლევრეს იმედი აქვთ, რომ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ პასუხი მომდევნო რამდენიმე თვეში ექნებათ.

თუმცა, მეცნიერების უმეტესობას მაინც მიაჩნია, რომ ვაქცინის მისაღებად 12-18 თვე ბევრად უფრო რეალისტური ვადაა.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინის შექმნაზე მსოფლიო მასშტაბით 80 მილიონი გუნდი მუშაობს. მათ შორის დიდი ფარმაცევტული კომპანიებიც არიან. ზოგიერთმა ქვეყანამ ვაქცინის გამოცდა პირდაპირ ადამიანებზე დაიწყო.

კვლევები ძალიან დიდი სისწრაფით მიმდინარეობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სამუშაოები, რომლებსაც წლები სჭირდება, რამდენიმე თვეშ ხორციელდება.