იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

2020-04-18 14:54:29

იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

კორონავირუსით გამოწვეული რისკების გამო ცერემონიას მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების მხოლოდ 15 წარმომადგენელი ესწრება.

წმინდა ცეცხლს თბილისში გვიან ღამით ჩამოიტანენ.

ასევე ამ რეისით საქართველოში ისრაელიდან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეებიც.

თვითმფრინავი თელავივის მიმართულებით 5 საათზე სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრება, სწორედ მათ გადასცემენ წმინდა ცეცხლს თელავივის აეროპორტში.

ცეცხლს უპირველესად, სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, საიდანაც ის სხვა ტაძრებში გავრცელდება.

"18 აპრილს განხორციელდება მორიგი რეისი თელავივიდან, სამშობლოში დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები.

აღნიშნულ რეისს პრაქტიკულთან ერთად, სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რამდენადაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საელჩოებისა და "ჯორჯიან ეარვეისის" ძალისხმევით, საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.