280 ლარის გამო რუსთაველ სტუდენტს სწავლის უფლება უწყდება

2020-04-17 17:14:49

რუსთაველი სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტებში თანხას ვერ იხდის. ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელების უფლება უჩერდებათ.

მარიამ ქევხიშვილი 18 წლის რუსთაველი სტუდენტია და ის საქართველოში არსებულ ერთ-ერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელში, ჯანდაცვის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. 

მარიამს სტუდენტის სტატუსი გადაუხდელად დარჩენილი 280 ლარის გამო უწყდება. 

როგორც ახალგაზრდამ "ინფო რუსთავს" უამბო, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას სწავლის საფასურის დაფარვის ბოლო ვადად 21 აპრილი განუსაზღვრა, რა დროშიც ის ფულის მოგროვებას ვერანაირად ვერ შეძლებს. 

სტუდენტი საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ სწავლის საფასურს დამოუკიდებლად იხდიდა, თუმცა ის სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებული იყო, პანდემიის ფონზე დაიხურა. ასევე, მარიამ ქევხიშვილის თქმით, უმუშევარი დარჩა მამაც, რომელსაც მისთვის დახმარების გაწევა შეეძლო. 

"ჩემს გარდა ოჯახში კიდევ სამი ბავშვია, რომელთაც ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ამიტომაც მეორე კურსის სწავლის ფულს მე ვიხდიდი. მხოლოდ მამაჩემი მუშაობს ოჯახში და 7-ნი ვართ, ამიტომაც მიწევდა სწავლის საფასურის დამოუკიდებლად დაფარვა. ვირუსის გამო დაიკეტა ის ადგილი, სადაც ვმუშაობდი და ასევე მამაჩემიც უმუშევარი დარჩა, ის რუსთავიდან თბილისში დადიოდა სამსახურში. 280 ლარი, 1 თვის თანხა დამრჩა გადასახდელი და ამ ფონზე ვერანაირად ვერ შევძლებ თანხის მოგროვებას. უნივერსიტეტმა 15 აპრილიდან 21 აპრილამდე გადაავადა საფასურის გადახდა, თუმცა, მეტს აღარ წევენ თარიღს და სავარაუდოდ სტატუსი შემიწყდება" , - აცხადებს მარიამ ქევხიშვილი. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თანხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა ასობით სტუდენტს შეექმნა, უმაღლეს სასწავლებლებში კი აცახდებენ, რომ თუკი სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადას გადაწევენ, დასაქმებულ ლექტორებს ხელფასებს ვერ გადაუხდიან. ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც 2000-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს. პეტიციით უნივერსიტეტში ჩარიცხულები თანხის გადახდის გადავადებას ითხოვენ. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები