რუსთავი ზუსტად 21:00 საათზე ჩაიკეტა

2020-04-15 20:59:59

რუსთავი 10 დღის განმავლობაში ჩაიკეტა. 15 აპრილს, 21:00 საათიდან რუსთავთან ერთად კიდევ სამი ქალაქი თბილისი, ბათუმი და ქუთაისი დაიკეტა. ოთხივე ქალაქში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის პირადი ავტომობილებით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, ამ ქალაქების ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა მუნიციპალიტეტებში (მაგალითად, ხაშურში). თუმცა, ის პირები, რომლებიც დატოვებენ ზემოაღნიშნულ ქალაქებს (მუნიციპალიტეტებს) და გაემართებიან რეგისტრაციის ადგილას, ვეღარ შეძლებენ ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) დაბრუნებას.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და  ბათუმში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) არიან რეგისტრირებულნი (და არა ფაქტობრივად მცხოვრებნი).

მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდეს.