მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრილის თვეში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი შეზღუდვების მოხსნაა დაგეგმილი ევროპის რამდენიმე ქვეყნებში.
ავსტრიაში 14 აპრილიდან დაიწყო სასურსათო მაღაზიებისა და ისეთი დაწესებულებების გახსნა, სადაც მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეძენაა შესაძლებელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტების ფართობი არ აღემატება 400 კვადრატულ მეტრს. პირველი მაისისთვის იგეგმება სავაჭრო ცენტრებისა და სილამაზის სალონების გახსნაც, მაისის შუა რიცხვებიდან კი ეტაპობრიდად უნდა გაიხსნას რესტორნები და სასტუმროებიც, თუმცა, შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში განვითარებული ეპიდსიტუაციის ფონზე შეიცვალოს.
6 აპრილის გადაწყვეტილებით, ბულგარეთში გაიხსნა აგრარული ბაზრები.
7 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო ნორვეგიამაც. 20 აპრილიდან გაიხსნება საბავშვო ბაღები, ერთი კვირის შემდეგ კი სკოლები მეოთხე კლასამდე. აპრილშივე იგეგმება შეზღუდვების მოხსნა სილამაზის სალონებზე.
ჩეხეთის მთავრობამ 7 აპრილიდან დაუშვა იმ მაღაზიების გახსნა, სადაც სამშენებლო მასალით და სპორტული ინვენტარით ვაჭრობენ. ასევე შერბილდა შეზღუდვები რეკრეაციულ ადგილებსა და აქტივობებზე. მიმდინარე კვირის შემდეგ კი იგეგმება სამოგზაურო შეზღუდვების შერბილება იმ პირებისათვის, ვინც მოგზაურობისათვის შესაფერის მიზეზს წარმოადგენს.
დანიაში 15 აპრილს საბავშვო ბაღები და მეხუთე კლასამდე სკოლები გახსნა. 10 ადამიანზე მეტის შეკრებაზე, კაფე-რესტორნებზე, სპორტულ დარბაზებზე და სილამაზის სალონებზე დაწესებული შეზღუდვები 10 მაისამდე გაგრძელდება.
ფინეთში იგეგმება შეზღუდვების მოხსნა დედაქალაქ ჰელსინკის გარშემო მდებარე რეგიონებში ტრანსპორტის მოძრაობაზე. სხვა შეზღუდვები ძალაში რჩება 13 მაისამდე.
ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში ეტაპობრივად დაიწყება შეზღუდვების მოხსნა. მომდევნო კვირებში შესაძლოა გაუქმდეს მოქალაქეებისათვის სახლში დარჩენის ბრძანება და გაიხსნას დაკეტილი მაღაზიების ნაწილი.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მთავრობებში კი არსებული მძიმე სიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების მაისამდე გახანგრძლივებას განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ მაისამდე გახანგრძლივდა და კიდევ უფრო გამკაცრდა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები საქართველოსა და მის დიდ ქალაქებში.