ვინ შეძლებს რუსთავიდან გასვლას და შემოსვლას

2020-04-14 18:52:02

რუსთავი 25 აპრილამდე იკეტება, ამ ფონზე კი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ შეძლებს ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გადმოკვეთას, ან ქალაქიდან გასვლას.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ ამ კუთხით გამონაკლისები დაშვებული იქნება.

"გადაუდებელი და სასიცოცხლო სამსახურები, რაც ეხება ჯანდაცვას, წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგებას და რაც არის სტრატეგიული დანიშნულების, არ იქნება ამ შეზღუდვებში მოქცეული. ამ სფეროებში დასაქმებულ ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. მათი გადაადგილება იქნება ორგანიზებული. ეს ყველაფერი მართვადია", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილის თქმით, გარკვეული შეზღუდვები როგორც მთელს საქართველოში, რუსთავშიც უკვე მოქმედებდა და გამკაცრებული ზომების შესრულება განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს.

"მკვეთრი მესიჯები გაჟღერდა, რომ აუცილებელი იყო ეს ნაბიჯი გადადგმულიყო და არ ვფიქრობ, რომ ქალაქთან დაკავშირებული შეზღუდვები ძნელად განხორციელდება. მოვისმინეთ პრემიერის ბრიფინგი და გაჟღერდა საინტერესო წინადადება, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გადამწყვეტია ამ ბრძოლაში", - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული.

რეხვიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოახლოებული დღესასწაულების მიუხედავად, შენარჩუნებულ უნდა იქნეს სიტუაციის ადეკვატურად აღქმის უნარი. 

"რამდენად ადეკვატურებიც ვიქნებით, იმდენად მოკლე ვადებში დავამარცხებთ ამ გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ აღმატებული დღეები გვაქვს წინ, ჩვენ მაინც უნდა დავრჩეთ ადეკვატურნი და მივიღოთ ის ზომები, რაც კანონის ფარგლებში ჯდება", - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები