აიკრძალება თუ არა რუსთავში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა

2020-04-14 00:01:47

"მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, სასაფლაოებზე, მასობრივი თავშეყრის ადგილი რომ გაჩნდეს, ჩვენ გარკვეულ რისკებთან გვექნება საქმე" - ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემაში "free live", ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

რუსთავში, სააღდგომოდ სასაფლაოზე გასვლა არ იკრძალება, თუმცა, ქალაქის მერის თქმით, იმისათვის, რომ ხალხმრავლობა არ შეიქმნას, უმჯობესია, საფლავებზე გასვლა, სხვადასხვა დღეებში მოხდეს.

"გულწრფელად რომ გითრათ, ასეთი რთული კითხვა ჩემთვის არასდროს არავის დაუსვამს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი თავშეკავება უნდა გვქონდეს. უნდა შევქმნათ პრეცენდენტი და კანონის ფარგლებში მოვახდინოთ ამ ყველაფრის აღსრულება. ეს იქნება ჩემი მოსაზრება. შეუძლებელი არაფერი არ არის, მთავარია სწორად მიიღოს ხალხმა ინფორმაცია. ეს რეკომენდაციები და რეგულაციები ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენი ოჯახის და შვილების უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ რომ თავშეყრის ადგილებში 3 პირზე მეტის ყოფნა და ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება იკრძალება. ასევე უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის გათვალისწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული წესების დარღვევისთვის პირები 3000-3000 ლარით დაჯარიმდებიან.