კანადაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადელ კოლეგებთან ერთად კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა, აცხადებს, რომ ვაქცინა მზად არის და მისი გამოცდის ეტაპი მიმდინარეობს.
გიორგი ბაბუაძის თქმით, მათ ვაქცინაზე მუშაობა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყეს.
მეცნიერები ვაქცინას ამ დროისთვის ცხოველებზე ცდიან. მათზე ჩატარებული კვლევების პასუხი კი 15 ივნისისთვის მზად იქნება.
"ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის.
ჩვენ ვმუშაობთ მესამე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც არ საჭიროებს ცოცხალი ან ანტივირუსის შეყვანას ორგანიზმში. ეს არის კონკრეტული დნმ პლატფორმის მეშვეობით, კონკრეტული ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმი. რაკი პლატფორმა უკვე მზად იყო, ჩვენ მაშინვე შევუდექით ამ საქმეს და ორი თვეც არ დაგვჭირდა, მზად გვქონდა ვაქცინა. პრეკლინიკურ ფაზაში ვართ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. 30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიკური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ.
კლინიკურ ფაზაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პარალელურად ან მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი უჯრედული იმუნური პასუხი მაინც, 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან. უბრალოდ, ეს დაკავშირებულია დროსთან, ყველაფერს სჭირდება საბუთები, ფორმალობა, ოფიციალური მონაცემები, თანხები. ახლა ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს. დღესაც გვქონდა ჩართვა კანადის მთავრობასთან, არიან დაინტერესებული კომპანიები, უშუალოდ კანადის სახელმწიფოსაც დიდი ინტერესი აქვს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და ველოდებით. ჯერ მიმდინარეობს თითოეული დეტალის განხილვა, რა გვჭირდება, რამდენად არის მზაობა ორივე მხრიდან",- განაცხადა ქართველმა მეცნიერმა.
მისივე თქმით, თუკი ყველაფერი კარგად წავა, ვაქცინა საბოლოოდ სექტემრისთვის მზად იქნება.
გიორგი ბაბუაძესთან ინტერვიუ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაწერა.