საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

2020-03-21 14:06:11

მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 1 თვით გაგრძელდება.

საგანგებო მდგომარეობა შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:

1. იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევის პირი იძულებით იქნას გადაყვალინილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.

2. საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

3. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.

4. საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება საკარანტინო-საიზოლაციო სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

5. იზღუდება 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა.

6. მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესტრუქტურებს შეუზღუდოს, ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

7. აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

8. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ დადგენილი კანონებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

9. საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.

10. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

11. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით.

12. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, შემდეგ თანხმობის შემთხვევაში კი პარლამენტი მიიღებს და დაამტკიცებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შემორებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება.