რუსთავში თვითიზოლაციაში 39 პირია

2020-03-17 18:49:10

რუსთავში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. 16 მარტის მონაცემებით, ეს რიცხვი 35-ს არ აჭარბებდა. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ქალაქში რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, 39-ვე ადამიანი თავს კარგად გრძნობს და ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომატიკა მათ არ აღენიშნებათ. ბეგაშვილის ინფორმაციითვე, თითოეულ მათგანთან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია და ხორციელდება ბინაზე ვიზიტები.

ამასთან, მერიის სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციის წესი რუსთავში 26 თებერვლიდან ამოქმედდა და ამ ხნის განმავლობაში, ჯამში, აღნიშნულ რეჟიმში 70 ადამიანი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 100-მდე ადამიანია მოთავსებული რუსთავის საკარანტინო სივრცეში. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ასევე სტაბილურია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები