რუსთავში ბიბლიოთეკები მუშაობას აგრძელებს

2020-03-16 14:31:42

ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, რუსთავში არსებული ბიბლიოთეკები მუშაობას აგრძელებს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს.

მერიის ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ამასთანავე დაკეტილია დარბაზი და მკითხველს მხოლოდ წიგნის გატანა შეუძლია.

"ინფო რუსთავის" კითხვას, შეიძლება თუ არა, წიგნი ვირუსის გადამტანი იყოს და რამდენად არის დაცული როგორც მკითხველის, ასევე თანამშრომლების უსაფრთხოება, მერიაში ასე გვპასუხობენ: - უსაფრთხოების ზომებს ვიცავთ რეკომენდაციების მიხედვით. ასეთი მკაცრი ზომების მიღების რეკომენდაცია არ არის და ამიტომ ბიბლიოთეკები მუშაობენ ახალი განრიგით. თუ იქნება რეკომენდაცია ბიბლიოთეკები დაიკეტება.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია – lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთი თვის განმავლობაში, თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L”-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” 2093 ელექტრონულ წიგნზე.

ცოტახნის წინ საქართველოს მთავრობისგან მოქალაქეებმა მორიგი გაფრთხილება მესიჯის სახით მიიღეს. დაავადების პრევენციის მიზნით, მთავრობა მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები