დაუდგინდათ თუ არა რუსთაველ პაციენტებს კორონავირუსი

2020-03-10 00:25:23

რუსთავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ.

"ინფო რუსთავს" თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას რუსთავიდან შეყვანილი 2 პაციენტი გადის, რომელთა ტესტის პასუხიც ახალი კორონავირუსით ავადობაზე უარყოფითია.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, გუშინ, 9 მარტს რუსთავიდან თბილისში კიდევ 2 მამაკაცი გადაიყვანეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი კი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

ახალგაზრდა მამაკაცებს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

9 მარტს რუსთაველი პაციენტებიდან ერთ-ერთის თბილისში გადაყვანა #2 დიაგნოსტიკური ცენტრიდან, ერთის კი პირდაპირ საცხოვრებელი სახლიდან მოხდა.

პაციენტი, რომელიც თბილისში საცხოვრებელი სახლიდან გადაიყვანეს, იტალიიდან 1 კვირის წინ დაბრუნდა და ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრში განუცხადეს, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის გამოვლენა გუშინ დაეწყო.

რაც შეეხება #2 დიაგნოსტიკური ცეტრიდან გადაყვანილ პაციენტს, ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლესთან ერთად იტალიიდან 2 კვირის წინ დაბრუნდა. ცოლ-ქმარი ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა მანანა კაპანაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქალს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და თვითიზოლაციის რეჟიმს დაუბრუნდა, მამაკაცს კი  ხველა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა მოხდა.

მანანა კაპანაძე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აქცენტს აკეთებს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე. როგორც დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი საინფორმაციო სააგენტოსთან აცხადებს, აღნიშნულ რეჟიმში მყოფმა პირებმა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, თავად უნდა დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე, რათა მათთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა თვითიზოლაციის დარღვევის გარეშე მოხდეს.

ამ დროისთვის რუსთავიდან თბილისში სულ 4 პაციენტია გადაყვანილი. 2 მათგანი კარანტინში, 2 კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები